ამერიკული კომპანია T&C (Town & Country) ჩრდილოეთის თეთრი კედარის ხის მასალით აშენებული ულამაზესი სახლებითაა ცნობილი.
კომპანიას, რომელიც უბრალო დურგალმა ბერნი კონდრადმა 1947 წელს დააფუძნა, აშშ-ის სხვადასხვა შტატში რამდენიმე ასეული ხის რეზიდენცია აქვს აშენებული.
თეთრი კედარის პირველი კონსტრუქცია 22X22 ფართობით ბერნიმ თავის მეგობართან ბენ ორგანეკთან ერთად 475 დოლარად ააგო, ახლა კი T&C-ს მიერ აშენებული ხის სახლების ფასი ხშირად 1 000 000 დოლარს აჭარბებს.
დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ T&C-ის არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ ხის სახლს, რომელიც პატარა ხელოვნური ტბის პირას არის აშენებული.
უსწორმასწორო რელიეფის გამო სახლი ისეა დაპროექტებული, რომ ოთხივე მხარეს სხვადასხვა რაოდენობის სართული აქვს.
თეთრ კედართან ერთად მშენებლობის პროცესში ფიჭვის ხის მასალა და ნატურალური ქვაა გამოყენებული. ამავე მასალებითაა მოპირკეთებული ინტერიერიც.
სახლს ოთხივე მხრიდან აქვს შესასვლელი. განსაკუთრებით ლამაზი მთავარი შესასვლელია (ტბის მხრიდან), არაჩვეულებრივი ჩუქურთმებიანი კარით.
არქიტექტორები მაქსიმალურად შეეცადნენ გამოეყენებინათ ნატურალური განათება, ამიტომ კედარის სახლს უამრავი პანორამული ფანჯარა და შუშის კარი აქვს.
სახლს სხვადასხვა სართულზე აქვს ოთხი უზარმაზარი მისაღები ოთახი დასასვენებელი და სათამაშო ზონით, ორი სამზარეულო და ერთი სამუშაო კაბინეტი, ასევე ხუთი საძინებელი ექვსი სააბაზანო ოთახი.
სახლის მოსაწყობად ძველებურ რბილ ავეჯთან ერთად გამოყენებულია კედარისა და ხის მასალისგან დამზადებული მაგიდები, სკამები და სხვადასხვა აქსესუარი.
კედარისგანაა დამზადებული სამზარეულოების ავეჯიც.
გასართობი ზონა მისაღები ოთახის გაგრძელებას წარმოადგენს.
სამუშაო ზონა სახლის სხვენშია მოწყობილი.
ბარის ზონა დაუმუშავებელი ხისგან დამზადებული ავეჯითაა მოწყობილი და პაბის ინტერიერს უფრო წააგავს.
სახლში რამდენიმე ნატურალური ქვით ნაშენი ბუხარია, მათ შორის ერთ-ერთი ვერანდაზეც.
საინტერესოდ არის მოწყობილი საძინებელი ოთახები, რომლებშიც დასასვენებელი ზონებია ინტეგრირებული.
დათვალიერეთ T&C-ს მიერ აშენებული სახლის ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები FRIDAY-გალერეაში:
0 კომენტარი:
Post a Comment