აზომვა
როდესაც თქვენი მომავალი ბაღის სტილს აირჩევთ, შეუდექით შემდეგ ეტაპს – ნაკვეთის აზომვას. უნდა გაარკვიოთ მისი კონფიგურაცია (სწორკუთხა, ტრაპეცია, არათანაბარი ფორმა და სხვ.), ასევე აღნიშნოთ უსწორმასწორობები და რელიეფის ცვლილებები.
ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის განათებული ნაკვეთი დღის განმავლობაში და საით მიცოცავს ჩრდილი. გარდა ამისა, უნდა გადაწყვიტოთ, რელიეფის რომელ დეტალებს დატოვებთ (მაგალითად, ასაკოვანი ხეები და ბუჩქები) და რას მოიშორებთ თავიდან (ძველი ჯირკები, ზედმეტი ხრეში და ქვები ან ნახევრად დანგრეული ქოხი).
მიღებული მონაცემების გამოყენებით დახაზეთ ბაღის სქემა შემდეგი მასშტაბის გათვალისწინებით – 1:100 ან 1:50. გარდა ზომებისა, გეგმაზე მიუთითეთ მიმართულებები – აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი.
თუ სახლისა და სხვა შესაძლო შენობების ნახაზები უკვე გაქვთ, სჯობს ისინიც შესაბამისი მასშტაბით გამოსახოთ. ეს ეხება ძველ ხეებს, ბუჩქებს ან შენობებს, რომელთა დატოვებასაც აპირებთ.
ამოძრავეთ მიღებული მაკეტები ნახაზზე, სანამ სახლისა და სხვა სასურველი ნაგებობების განსათავსებლად ყველაზე სწორ ვარიანტს არ იპოვით.
როდესაც ნაკვეთზე ბაღის მსხმოიარე მცენარეების, ბოსტნის, ყვავილნარების, წყალსაცავის, ბილიკებისა და წყალსაცავის განთავსებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ სახლების განლაგება მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღის ყველა ელემენტის შესაძლო ადგილმდებარეობა მზის განათების მიმართ, ასევე ნაკვეთის რელიეფი და გრუნტი.
თუ თქვენი ნაკვეთი დიდი არ არის, ნუ ეცდებით მასში მეტისმეტად ბევრი ყვავილნარის, ფანჩატურის, ბაღის სკულპტურისა თუ სხვა დეკორატიული ელემენტების “ჩატენვას”.
გახსოვდეთ, რომ გაზონი ნაკვეთის მთელ სიგანეზე პატარა ბაღს ვიზუალურად ადიდებს. ფართობის შეზღუდულობა ხშირად ისეთივე ხრიკების გამოყენებას გვაიძულებს, რასაც პატარა ოთახის დეკორირებისას მივმართავთ. მაგალითად, სახლისკენ მიმავალი ბილიკი შეიძლება დიაგონალურად ან ზიგზაგისებურად განვათავსოთ, რათა გაიხსნას ბაღის ხან ერთი და ხან მეორე კუთხე, ხოლო ბაღის საზღვრები ყვავილოვანი ბუჩქებითა და ხეებით დავფაროთ.
როდესაც ამ ყველაფერს დაემატება მოპირკეთებული ან მოხრეშილი ბილიკები, დეკორატიული ბადეები, პატარა წყალსაცავი – ყველა ეს დეტალი ბაღსაც გაალამაზებს და არც ზედმეტი დეტალებით გადატვირთავს.
რა ალამაზებს ბაღს?
წინასწარ მოფიქრებული დეკორატიული აქცენტები – მზის საათი, დიდი ქვები, უცნაური ხეები ბაღს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს. და თუ უკანა პლანზე ლამაზი პანორამა იშლება, ამ ყველაფრის ერთობლიობამ ეფექტური სურათი შეიძლება შექმნას.
ბაღის დაგეგმვა ისეც შეიძლება, რომ მისი საზღვრების განსაზღვრა შეუძლებელი იყოს. ამ შემთხვევაში ნაკვეთის ფართობი უფრო დიდი გამოჩნდება. ამ ეფექტის მიღწევა მაღალი ბუჩქებით ან თაღითაც შეიძლება.
ძალიან მნიშვნელოვანია კონტრასტების გამოყენება. გაკრეჭილი გაზონი განსაკუთრებით ლამაზია ფუმფულა ყვავილნართან, ხრეშის ინტენსიური გამოყენება ყვავილების სინაზეს უსვამს ხაზს, ხოლო წყლის სიგლუვე ქვების უხეშ ზედაპირს გამომხატველობას ანიჭებს.
გეგმის შედგენისას სასურველია ნაკვეთის ფართობი რამდენიმე ნაწილად დაიყოს და ფუნქციური ზონები მკვეთრად გაიმიჯნოს. ასეთი დაყოფა ტერიტორიის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს და მის ექსპლუატაციას მოსახერხებელს ხდის.
შეიძლება გამოიყოს შემდეგი ძირითადი ზონები: საერთო ზონა, რომელიც მოიცავს შემოსასვლელ მოედანს სახლის წინ, პატიო, შემოსაზღვრული ყვავილნარი, კუთხე წყნარი დასვენებისთვის, აუზი, ბარბექიუს პატარა მოედანი თავისი გადახურვით.
ამასთან ცუდი არ იქნებოდა, თუ რამდენიმე ნაგებობას ერთში მოვათავსებდით – ეს, ერთი მხრივ, ფართობს დაზოგავდა, მეორე მხრივ კი სამშენებლო მასალებს და შესაბამისად, დროსა და ფულს. ყველა საჭირო ნაგებობის ერთ კომპაქტურ ჯგუფში განთავსება ყოველთვის დადებითად აისახება როგორც ნაკვეთის სანიტარულ მდგომარეობაზე, ისე მის ესთეტიკურ ღირებულებაზე.
იმავდროულად შეამოწმეთ, მუშაობს თუ არა რეალობაში თქვენი “ქაღალდის პროექტი”. მაგალითად, არ დაგავიწყდეთ, რომ ყვავილნარებს ჩვეულებრივ კარგი განათება და მზის სხივები სჭირდება. იგივე ეხება პატარა წყალსაცავსაც, რომელიც სასურველია ხეების ქვეშ არ იყოს დამალული.
მზის სინათლე დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც გაზონისთვისაც აუცილებელია, თუმცა, ჩვეულებრივი ბალახი ჩრდილის ამტანი მცენარეებით შეიძლება შეიცვალოს. ყველაზე ჩრდილიან ადგილებში დარგეთ ჩრდილის მოყვარული ბუჩქნარები, მცენარეები და იქვე განათავსეთ სამეურნეო შენობა და კომპოსტის ორმო, რომლის შენიღბვაც ისევ და ისევ ნარგავებითა და დეკორატიული ბადეებით, ასევე ხვიარა მცენარეებით შეიძლება.
კომპოზიციის საინტერესო დეტალად მკვდარი ხეც კი შეიძლება გადავაქციოთ. დარგეთ მის ირგვლივ, მაგალითად, კლემატისი ან რომელიმე სხვა მცენარე და დადგით ძელსკამი. ასევე ხის ზედა ნაწილზე ჩიტებისა და (თუ გაგიმართლათ, ციყვების) საკვები კონსტრუქცია შეიძლება დაამაგროთ.
თუ ბეტონის კედლებს ბზარები აქვს, ისინი სუბსტრატით შეავსეთ, ნაკლებად ჭირვეული ალპური მცენარეები დარგეთ და ეფექტური ყვავილოვანი კედელი გამოგივათ.
ასევე შეიძლება გააკეთოთ ალპური გორაკებიც.
About






0 კომენტარი:
Post a Comment