ეს საოცარი ადგილი ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოს.
რესტორანი განლაგებულია ეილათში, ისრაელის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქში. ის 1998 წელს ეკოლოგიურად მეტად დაბინძურებულ ადგილზე ააშენეს.
წყალქვეშა სტრუქტურის პროექტირებისა და დაგეგმვის პროცესი ოთხი წელი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ხელოვნურად შეიქმნა მარჯნის რიფები, რათა ოდესღაც მშვენიერი წყალქვეშა სამყარო ნელ-ნელა აღედგინათ. შენობის აგებას კიდევ ოთხი წელი დასჭირდა.
ექვსი მეტრის სიღრმეში განლაგებული კომპლექსი მოიცავს რესტორანს, ბარსა და ობსერვატორიას. დიზაინი საზღვაო სტილშია გადაწყვეტილი. ნაგებობას უამრავი უზარმაზარი ფანჯარა აქვს, რომლებიც სტუმრებს წყალქვეშა სამყაროთი დატკბობის საშუალებას აძლევს.
წითელი ზღვის ვარსკვლავი ერთადერთი ღამის წყალქვეშა ობსერვატორიაცაა. მასში გამოიყენება რბილი სინათლე, რათა ადამიანებმა წყალქვეშა სივრცის დათვალიერებისას მისი მყუდროება არ დაარღვიონ.
ამ ადგილის სტუმარს წყალქვეშა სამყაროს ცქერით დატკბობა და ასევე მის ნაწილად თავის შეგრძნებაც თავისუფლად შეუძლია – კომპლექსი ხომ ექვსი მეტრის სიღრმეზეა აგებული.
0 კომენტარი:
Post a Comment