შალეს (ფრანგულიდან chalet) უწოდებენ შვეიცარიულ სტილში აშენებულ სოფლის სახლებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ალპებში აგებდნენ.
თავიდან სიტყვა შალე ნიშნავდა მწყემსის ქოხს, ხოლო XVIII საუკუნის რომანტიკულ პარკებში ასე უწოდებდნენ ბაღის პავილიონებს, რომლებსაც სოფლის პატარა სახლებს წააგავდა და პეიზაჟში პასტორული ნოტები შეჰქონდა.
შალეს ერთ-ერთი მთავარი ნიშანი მკვეთრად დახრილი სახურავია. ჩვეულებრივ, ამგვარი სახლის კედლები ხისგანაა აგებული, თუმცა ხშირად პირველი სართული შელესილია და აგურით ან ქვითაა აშენებული.
ახლა ბევრი ტურისტული კომპლექსი ავსტრიასა და საფრანგეთში დამსვენებელს კომფორტულ კოტეჯებში დასვენებას სთავაზობს, რომლებიც „პატარა სოფლის სახლის“ მასშტაბებს სცდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათაც შალეს უწოდებენ.
შალეები სავარაუდოდ, XVI-XVII საუკუნეში წარმოიშვა. ავსტრიელი გლეხების ოჯახები იმ დროს 15-30 წევრისგან შედგებოდა – ერთ ჭერქვეშ 3-4 თაობის წარმომადგენლებს უწევდათ ცხოვრება. მთის სპეციფიკა მყარი, ცივი კლიმატის გამძლე სახლის მშენებლობას ითვალისწინებდა. ფანჯრებს აუცილებლად უნდა ჰქონოდა დარაბები, რომლებიც სახლის მცხოვრებლებს ცუდი ამინდისგან დაიცავდა. პირველ სართულზე ჩვეულებრივ, თავლები და სათავსი ოთახები ჰქონდათ.
თავად ფრანგები და შვეიცარიელები შალეს უწოდებენ მყუდრო ქალაქგარე სახლს, რომელიც ღუმელით თბება. თუმცა თანამედროვე შალეების უმეტესობა პარალელურად ბოილერებითაცაა აღჭურვილი.
ზოგადად, თანამედროვე პირობებში შალე გადაიქცა ბევრად ფართო ცნებად, ვიდრე უბრალოდ მწყემსის ქოხია. თანამედროვე შალეების ასაგებად და დეკორირებისთვის ტრადიციული ხის მასალის გარდა თანამედროვე სარემონტო საშუალებებიც გამოიყენება. შალეები გამოირჩევა დიდი ფანჯრებით, ფართო, ნათელი ოთახებით და დახვეწილი ინტერიერით.
0 კომენტარი:
Post a Comment