ზოგიერთ სასტუმროში ისეთი აუზებია მოწყობილი, რომელშიც არა მხოლოდ ცურვა და ყვინთვა შეიძლება, არამედ პარალელურად ულამაზესი ხედების ცქერა და იმის გაგებაც კი, რა ხდება აუზის ქვემოთ – ქუჩაში.
საუბარია ე.წ. მაღლივ აუზებზე, რომლებიც სასტუმროების ზედა სართულებიდან აივნებივით არის „გადმოკიდებული“. აუზები წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს და მასში მოცურავე ადამიანისთვის ადრენალინის საბადოა.
ჩვენ უკვე დავწერეთ ინფინითი აუზებზე და ასევე არაჩვეულებრივ აუზზე, რომელიც სინგაპურში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს – სქაი პარკის სახურავზე, 200 მეტრის სიმაღლეზეა მოწყობილი. მოდის ტენდენციების კარნახით, მსგავსი აუზები მალე სხვაგანაც გაჩნდა – ნიუ იორკით დაწყებული, ბალითი და სიდნეით დამთავრებული. ასე რომ, ინჟინრები და დიზაინერები იძულებული გახდნენ, რაღაც კარდინალურად ახალი მოეგონებინათ, რაც ხალხის ყურადღებას მიიქცევდა. ასეთად კი განიხილება გამჭვირვალე შუშის რეზერვუარები, რომლებიც ცათამბჯენებისა და ზოგადად, მაღალი შენობების სახურავებზე ან ბოლო სართულებზეა მიმაგრებული.
ოთხი „გადმოკიდებული“ აუზი:
სასტუმრო „ინტერკონტინენტალ ფესტივალი“ დუბაიში
ამ სასტუმროში ორგანული შუშის გამჭვირვალე სექცია შენობის კიდეზეა მიმაგრებული. აუზიდან ჩანს არა მხოლოდ ჰორიზონტი და დუბაის ღირშესანიშნაობები, არამედ ბანაობისას შეიძლება დაინახო, რა ხდება ქვევით, ქუჩაში.
სასტუმრო „ჰილტონი“ ოკლენდში
სასტუმრო ჰილტონის აუზი ექსტრიმის მოყვარულებისთვის – ჩანს ჰორიზონტი, თუმცა დუბაის „ინტერკონტინენტალისგან“ განსხვავებით, აუზის ძირი გამჭვირვალე არ არის.
სასტუმრო „ჯოული“ დალასში
მაღლივი აუზის ნაწილი სასტუმრო „ჯოულის“ 10-სართულიანი შენობის სახურავზეა განთავსებული, ნაწილი კი წინა ორი აუზის მსგავსად, აივნისებურად არის „გადმოფენილი“.
სასტუმრო „ადელფი“ მელბურნში
მელბურნის ამ სასტუმროს სახურავზე, 25 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული აუზი სავსეა ზღვის თბილი წყლით. აუზის ნაწილი აივანივით არის გადმოწეული, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ქალაქზე. აუზს ძირიც გამჭვირვალე აქვს.
About
0 კომენტარი:
Post a Comment