10:29 PM
ksovreli
კუნძული კატ ბა უდიდესია იმ 366 კუნძულს შორის, რომლებიც ვიეტნამის ჩრდილოეთში, ჰლონგის ულამაზეს ყურეში არქიპელაგს აყალიბებს.
კუნძულების დიდი ნაწილი უდაბური, ვერტიკალური კლდეებია, კატ ბაზე კი მეთევზეთა რამდენიმე დასახლებაა განლაგებული და მოსახლეობის რაოდენობაც დღითიდღე იზრდება.

იქაური ლანდშაფტი მეტისმეტად კლდოვანია სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, ამიტომ მოსახლეობის უმეტესობის შემოსავლის წყარო ტურიზმი და ზღვის პროდუქტებია.
კუნძულის მოსახლეობა ამ დროისთვის 13 ათას მოსახლეს შეადგებს, რომელთაგან 4 ათასი ჰლონგის ყურეში სანაპიროს მახლობლად მცურავ სახლებში ცხოვრობს. კუნძულის ცენტრი კატ ბა თაუნის დასახლებაა კუნძულის სამხრეთ ნაწილში. აქ ყოველთვის ხალხმრავლობა და უამრავი ტურისტია.
მცურავი სახლები საკმაოდ პოპულარულია ტურისტებს შორის – ყველას აინტერესებს ადგილობრივები ცხოვრების წესის გაცნობა, ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული ნაციონალური კერძების გასინჯვა.
გასული ათწლეულის განმავლობაში აქ ტურისტული ბუმი დაიწყო. შესაბამისად, გაჩნდა ბევრი სასტუმრო, ბარი და რესტორანი. კუნძული კატ ბა ვიეტნამის ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობად გადაიქცა.
აქ შეხვდებით როგორც სუბტროპიკულ მწვანე ტყეებს მთებსა და გორაკებზე, ისე მტკნარწყლიან ტბებს, ზღვაში კი მრავალრიცხოვან მარჯნის რიფებს.
სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი კლდოვანია, თუმცა, არის რამდენიმე ქვიშიანი პლაჟი, რომლებიც პატარ-პატარა ყურეებშია შემალული.
მიუხედავად მთელი ამ სილამაზისა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, კატ ბაზე უამრავი პრობლემაა. ტურისტთა ნაკადის ზრდასთან ერთად ბუნებისთვის მიყენებული ზარალიც იზრდება. გავრცელებულია ბრაკონიერობა, ასევე არსებობს თევზის მარაგის ამოწურვისა და წყლის დაბინძურების პრობლემა ჰლონგის მთელ ყურეში.
Posted in:
0 კომენტარი:
Post a Comment