მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინტერნეტი და მილიონობით ელექტრონული წიგნია, რომელიც მთელ მსოფლიოში იყიდება, ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, ვინც ბიბლიოთეკაში დადის. თანაც ამ რეტროგრადებისთვის სულ ახალი და ახალი ბიბლიოთეკები შენდება, რომელთაგანაც ზოგი არქიტექტურის შედევრი ხდება. Friday ათი ყველაზე უცნაური ბიბლიოთეკის შესახებ გიამბობთ.
კურორტი-ბიბლიოთეკა
ბევრ ადამიანს შვებულების დროსაც კი არ შეუძლია წიგნს მოწყდეს. სწორედ მათთვისაა ზედგამოჭრილი სასტუმრო The Library Resort, რომელიც ცოტა ხნის წინ ტაილანდში გაიხსნა. მისი მთავარი კოზირი დიდი ბიბლიოთეკაა, რომელიც პირდაპირ აუზთანაა აშენებული. მოკლედ, წევხარ შეზლონგზე კომფორტულად, კითხულობ წიგნს, დროდადრო დგები, რათა მეორე წიგნი აიღო ან თბილ წყალში გაცურო. როგორია?!
წიგნის თარო
კანზასის საჯარო ბიბლიოთეკა საეჭვოა ვინმეს მრავალდონიან პარკირების კონსტრუქციად ან გიგანტურ რესტორნად მოეჩვენოს. ამ შენობის ფასადი ხომ მშვენივრად ახდენს შიგთავსის ილუსტრირებას – ის თაროს წააგავს, რომელზეც წიგნებია დალაგებული.
ბიბლიოთეკა-ნიჟარა
ყაზახეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა კი, რომელიც ამ ქვეყნის დედაქალაქში, ასტანაში მდებარეობს, უფრო მეტად მფრინავ თეფშს ან რომელიღაც ზღვის მოლუსკის ნიჟარას წააგავს. შენობის ფორმის არჩევანი რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის, მისი წყალობით მზე მაქსიმალურად დიდხანს ანათებს ბიბლიოთეკის ინტერიერს.
ბიბლიოთეკა მეტროში
დედამიწის უდიდესი მეგაპოლისების ბევრი მცხოვრები ყოველდღიურად დროის დიდ ნაწილს მიწის ქვეშ, მეტროში ატარებს. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი დროის მოსაკლავად წიგნის კითხვაა. აი, წიგნის ასეთი მოყვარულებისთვის არსებობს ნიუ იორკის მეტროს 50–ე ქუჩის სადგურზე ბიბლიოთეკა, სადაც მგზავრობისას საკითხავად წიგნის ამორჩევა შეგიძლიათ.
უსასრულო ბიბლიოთეკა
სტოკჰოლმის საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის პროექტი არქიტექტორ ოლივიე ჩარლზს ეკუთვნის. ის გულისხმობდა წიგნების უსასრულო კედლის შექმნას. ამ ბიბლიოთეკის ცენტრალურ ატრიუმში იქნება უზარმაზარი კედელი წიგნებით სავსე თაროებით.
სტუმრებს შეუძლიათ იარონ გალერეებში, რომლებიც კედლის გასწვრივ იქნება დამონტაჟებული და აიღონ საჭირო და სასურველი წიგნები. უსასრულობის ეფექტის გასაძლიერებლად კედლის გვერდებში სარკეები დამონტაჟდება. ნახეთ სრული პოსტი აქ.
ბიბლიოთეკა ჯუნგლებში
თანამედროვე ბიბლიოთეკები შეიძლება არა მხოლოდ მეგაპოლისების ცენტრში იყოს. მაგალითად კოლუმბიის ქალაქ მედელინში ბიბლიოთეკა პირდაპირ ჯუნგლებში, ქალაქის ფარგლებს გარეთაა განლაგებული. ის კლდეზე დგას და რომელიღაც ძველი ცივილიზაციის მიტოვებულ ქალაქს წააგავს.
ბიბლიოთეკა ლუდის ყუთებისგან
ლუდს და წიგნს ჩვეულებრივ, ბევრი არაფერი აქვს საერთო. თუ რა თქმა უნდა, ეს არ არის ლუდის შესახებ ანეკდოტების წიგნი ან რაიმე ამგვარი. მაგდებურგის ერთ-ერთ რაიონში კი შექმნეს საჯარო ქუჩის ბიბლიოთეკა, რომელიც ძველი ლუდის ყუთებისგანაა აგებული.
შავი ბრილიანტი
ასე უწოდებენ კოპენჰაგენის მცხოვრებნი სამეფო ბიბლიოთეკის ახალ კორპუსს, მოდერნისტულ სტილში გადაწყვეტილ, შავი ფერის შენობას, რომელიც ქალაქის სხვა ნაგებობებისგან მკვეთრად გამოირჩევა.
წიგნების გორაკი
ნიდერლანდების ქალაქ Spijkenissse-ში გეგმავენ ბიბლიოთეკის აშენებას, რომელსაც წიგნების მთის სახე ექნება.
რომბოკუბოოქტაედრი
ბელორუსიის ნაციონალური ბიბლიოთეკა, რომელიც მინსკის შესასვლელშია განლაგებული, მისი მშენებლობის პროცესშივე იქცა ქალაქის ღირშესანიშნაობად. შენობა წარმოადგენს ოცსართულიან რომბოკუბოოქტაედრს, 72,6 მეტრი სიმაღლისაა და 115 ათას ტონას იწონის. ყოველდღიურად ჩამობნელებისთანავე ღამის 12 საათამდე იგი განათებულია და ფერს და გამოსახულებას ყოველ წამს იცვლის.
0 კომენტარი:
Post a Comment