ბოლო დროს ყოფილი ინდუსტრიული ფართების საცხოვრებელ სახლებად გადაკეთება დიზაინის მოდურ მიმართულებად იქცა. ჩვენ უკვე წარმოგიდგინეთ ყოფილი ფერმისა და ყოფილი ქარხნის შენობებში მოწყობილი აპარტამენტების ინტერიერები, დღეს კი დავათვალიეროთ არაჩვეულებრივი სახლი, რომელიც სინგაპურში, ყოფილ წიგნის მაღაზიაშია განთავსებული.
ეს ისტორიული შენობა 1920 წელსაა აგებული, წლების წინ აქ ფუნქციონირებდა წიგნების მაღაზია Lucky, რომლის პირველ სართულზე სავაჭრო დარბაზი იყო განლაგებული, მეორეზე კი წიგნების საწყობი.
რამდენიმე წლის წინ წყვილმა, რომელიც ამ რაიონში გაიზარდა, წიგნის მაღაზიის მიტოვებული შენობა და ეზო იყიდა. მათი შეკვეთით, ფართის რეკონსტრუქცია და დიზაინი საპროექტო ბიურომ CHANG Architects განახორციელა.
ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ისტორიული შენობების გადაკეთება მხოლოდ ერთი პირობით შეიძლება – ფასადი უცვლელი უნდა დარჩეს. შესაბამისად, წიგნის მაღაზიის ფასადს მხოლოდ მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა.
რაც შეეხება ინტერიერს – ის კარდინალურად შეიცვალა. პირველ რიგში, აიღეს ზედმეტი შიდა ტიხრები, რათა სივრცის ეფექტისთვის გაესვათ ხაზი.
სამაგიეროდ, შეინარჩუნეს აგურით ნაშენი კედლები და ხის ხარიხები, ხოლო სადაც გამაგრება იყო საჭირო, ხით მოპირკეთებული საყრდენები გააკეთეს.
გარდა ამისა, შენობას უკანა ეზოს მხრიდან ერთი ფლიგელი დაემატა, რომელიც მისაღებ ოთახს შეუერთდა. ინტერიერი მინინმალისტურ სტილში მოეწყო. ოთახებში მხოლოდ აუცილებელი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. კედლების გასაფორმებლად რამდენიმე ფოტო და ნახატია გამოყენებული, დეკორის სხვა ნივთებს აქ ვერ ნახავთ.
საბოლოოო ჯამში წიგნის მაღაზიაში მოწყობილი სახლი საკმაოდ ლამაზი და ფუნქციური გამოვიდა.
დაათვალიერეთ ფოტოები ჩვენს გალერეაში:
0 კომენტარი:
Post a Comment