ამერიკულმა საპროექტო კომპანიამ Klopf Architecture ბარლინგემში (კალიფორნია, აშშ) მდებარე სახლში სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეასრულა. პროექტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, განსაკუთრებით კრეატიული – დასასვენებელი ზონაა, რომელიც მარაკანული არქიტექტურის თანამედროვე, მინიმალისტურ ვერსიადაც შეიძლება განვიხილოთ.
ეს სახლი ერთ-ერთია ე.წ. ეიხლერის სახლებიდან. ჯოზეფ ეიხლერი 20 საუკუნის უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეველოფერი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მან კალიფორნიაში ორიგინალური საცხოვრებელი სახლების სამშენებლო პროცესი განავითარა. ამ სახლებს ახლაც “ეიხლერის სახლებს” უწოდებენ.
სულ სახლში 12 ადამიანი ცხოვრობს. მათ სრულფასოვანი დასვენებისთვის ღია და ნათელი სივრცე სჭირდებოდათ. რედიზაინის პროექტი სრულად ესადაგება სახლის მფლობელთა მოთხოვნებს.
სახლის ცენტრალური ნაწილი დასასვენებელი ზონაა. ესაა საკმაოდ დიდი ფართობის ოთახი ღია ცის ქვეშ. პროექტის თანახმად, ოთახს მთლიანად მოაშორეს სხვენი და სახურავი, შედეგად კი მიიღეს არაჩვეულებრივი დასასვენებელი ოთახი სახლის შიდა სივრცეში. ოთახის და მთლიანად სახლის მშვენება ულამაზესი ნეკერჩხლის ხეა, რომელიც თითქოს პირდაპირ საძირკვლიდანაა ამოზრდილი.
სახლის ინტერიერის ნაწილი მოწყობილია გასული საუკუნის შუა წლების დროინდელი ავეჯით, რომელიც ოჯახმა წლების განმავლობაში შეაგროვა. დანარჩენი ავეჯი კი, მაგალითად, სამზარეულო და სასადილო ზონებში, მთლიანად თანამედროვე და მინიმალისტურია. დასასვენებელი ზონაც უმეტესად თანამედროვე ხის და მოწნული ავეჯითაა მოწყობილი.
სახლის რედიზაინის პროექტი Klopf Architecture-ს არქიტექტორებმა და დიზაინერებმა – ჯონ კლოფმა, აიამ და ენჯელა ტოდოროვამ შექმნეს. პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობდა სამშენებლო კომპანია Flegels Construction-ც.
0 კომენტარი:
Post a Comment